English / ქართული / русский /
ელგუჯა კონჯარია
ეფექტიანობის აუდიტის არსი და მისი გამოყენების თავისებურებები

ანოტაცია. ეფექტიანობის აუდიტის როლი და აუცილებლობა საბიუჯეტო სახსრების გამოყენების პროცესში გულისხმობს მთავრობის საქმიანობის ობიექტურ, მიზანმიმართულ და ორგანიზებულ შემოწმებას. ეფექტიანობის აუდიტის საფუძველზე დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესრულების შეფასების შესახებ.

საქართველოში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის ახლებური ფორმებისა და მიდგომების შემუშავება, სრულყოფა და მათი პრაქტიკაში დამკვიდრება.

აუდიტორული შემოწმებები აუცილებელია სახელმწიფოსთვის ეკონომიკისა და გადასახადების სფეროში გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს შემოწმებები სჭირდებათ აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებს, სასამართლოებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს მათთვის საინტერესო ფინანსური ანგარიშგების დასადასტურებლად.

საკვანძო სიტყვები: ფინანსური აუდიტი; შესაბამისობის აუდიტი; ეფექტიანობის აუდიტი; ეკონომიურობა; პროდუქტიულობა.

* * *

თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში აუდიტორული კონტროლი მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს.

აუდიტის წარმოქმნა განაპირობა საწარმოს უშუალო ხელმძღვანელთა (ადმინისტრაცია, მენეჯერები) და კონკრეტულ საწარმოში თანხების დამბანდებელთა (მესაკუთრეები, აქციონერები, ინვესტორები) ინტერესების გაყოფამ.

ამ უკანასკნელთ არ შეეძლოთ, არც სურდათ, დაყრდნობოდნენ მხოლოდ იმ ფინანსურ ინფორმაციას, რომელთაც მათ აწვდიდნენ საწარმოს ხელმძღვანელები და ბუღალტრები. საწარმოთა ხშირი გაკოტრებები, მოტყუება ადმინისტრაციის მხრიდან, არსებითად ზრდიდა ფინანსური დაბანდების რისკს.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფინანსური ინფორმაციის მიღების, მისი უტყუარობისა და ხარისხის შესაფასებლად საჭირო გახდა აუდიტორული სამსახურის შემოღება, რომელიც აუდიტის ობიექტის შესახებ მომხმარებელს აწვდის კომპეტენტური სპეციალისტების მოსაზრებებსა და არგუმენტირებულ დასკვნას. აუდიტორული საქმიანობა თანამედროვეობის მნიშვნელოვანი ელემენტია და მართვის დამოუკიდებელ ფუნქციას წარმოადგენს [ცირამუა ე., 2006, გვ. 10].

მსოფლიო ეკონომიკურმა გლობალიზაციამ და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაღრმავებამ დღის წესრიგში დააყენა მოქმედი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის ფორმირებისა და მეთოდების უნიფიცირების აუცილებლობა, ამასთან, შექმნილია ისეთი საერთაშორისო და რეგიონული კონტროლის ორგანიზაციები, როგორიცაა უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTOSAI) უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოების ევროპის ორგანიზაცია (EVROSAI) უმაღლესი მაკონტროლებელიEაზიის ორგანიზაცია (ASOSAI) [ალავერდაშვილი ბ., 2001 გვ. 408].

უნდა აღინიშნოს, რომ დღეისთვის საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის ყველაზე უფრო ეფექტიან და საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ ფორმად მიჩნეულია ზოგადად აუდიტი და მისი ცალკეული სახეობები. საყოველთაოდ მიღებულ პრაქტიკაში გამოიყოფა აუდიტორთა სამი ძირითადი ჯგუფი: შიდა აუდიტი, გარე აუდიტი და სახელმწიფო სექტორი ITOSAL-ის მიხედვით სახელმწიფო სექტორის აუდიტის სრული სპექტრი მოიცავს აუდიტის შემდეგ სახეებს:

- ფინანსური აუდიტი, რომლითაც დგინდება ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ დადგენილ პრინციპებთან ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობა. ეს არის ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების მიმოხილვა, თუ რამდენად არის ვალდებულებები ფულადი სახსრების მიღება-გაცემის ოპერაციებში ასახული და წარდგენილი სრულად და შესაბამისად.

- შესაბამისობის აუდიტი, რომლითაც მოწმდება კერძო ბიზნესში საბუღალტრო აღრიცხვის პერსონალის მიერ ადმინისტრაციის მხრიდან დადგენილი პროცედურების დაცვა, ბანკებსა და სხვა კრედიტორებთან დადებულ კონტრაქტებში იურიდიული ნორმების დაცვის მდგომარეობა და სხვა. იგი ლოგიკური ხასიათისაა და მისი შედეგები მიეწოდება მხოლოდ შემოწმებას დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. შესაბამისობის ადუდიტი ზოგადად მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას, აუდიტის ანგარიშის გაცემას.

- ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც უკვე აპრობირებულია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და ფინანსური კონტროლის ახალი და პროგრესული ფორმაა, ჩვენში ტრადიციად დამკვიდრებული ფორმებისა და მეთოდებისაგან რადიკალურად განსხვავებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს შესასწავლ საკითხთა ფართო და არაერთგვაროვან წრეს, რაც გულისხმობს არა მარტო აღრიცხვისა და ფინანსების სიღრმისეულ ცოდნას, არამედ ითვალისწინებს ეკონომიკურ-თეორიული ცოდნის ფართო მასშტაბებს.

ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის განმახორციელებელი პროგრამების / პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობის და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და ანგარიშის აუდიტის გაცემას. ის არის პროფესიული კატეგორია, რომელიც სპეციალურ უნარ-ჩვევებს, საკუთარ ნორმებს, განსხვავებულ დაგეგმვას და სპეციფიკური ანგარიშების შედგენას მოითხოვს.

ეფექტიანობის აუდიტი არის მთავრობის საქმიანობის ობიეტური, მიზანმიმართული და ორგანიზებული შემოწმება. ეფექტიანობის აუდიტის საფუძველზე დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესრულების შეფასების შესახებ [უდესიანი თ., 2013. 35-40].

სამართლიანობა და ნდობა დემოკრატიული მმართველობის განუყრელი და მნიშვნელოვანი აქტივია, ეფექტიანობის აუდიტი კი ხელს უწყობს, გაამყაროს აღნიშნული დემოკრატიული ღირებულებები. INTOSAL-ის სტანდარტების მიხედვით ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს ეკონომიურობას, პროდუქტიულობას და მიზანშეწონილობას, რომელიც შემდეგნაირად არის განმარტებული:
ეკონომიურობა - კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს დანახარჯებს დასახული მიზნების მისაღწევად. ეს დანახარჯები შეიძლება იყოს ნორმატიული, ზენორმატიული და ეკონომიკური.

ეკონომიურობა გულისხმობს საჭირო ხარისხისა და რაოდენობის რესურსების შეძენას საჭირო დროსა და ადგილას ყველაზე დაბალ ფასად. „ეკონომია“ არის კონკრეტული აქტივობისთვის გამოყენებული რესურსის ხარჯის მინიმუმამდე დაყვანა საჭირო ხარისხის შენარჩუნების პირობებში.

პროდუქტიულობა არის არსებული რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა - ეს არის კავშირი წარმოებულ პროდუქციასა და მის საწარმოებლად გამოყენებულ რესურსს შორის.

პროდუქტიულობის შესწავლის დროს მნიშვნელოვანია იმის გარკვევა ოპტიმალურად იქნა თუ არა გამოყენებული აღნიშნული რესურსი, ან ხარისხისა და დახარჯული დროის გათვალისწინებით იმავე რესურსებით შესაძლებელი იყო თუ არა უკეთესი შედეგის მიღწევა.

პროდუქტიულობის აუდიტის დროს პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ შეკითხვებს:
- შესაძლებელი იყო თუ არა საქმიანობის ისეთი განხორციელება, რომელიც გამოიწვევდა უკეთეს შედეგს;
- ჩატარდა თუ არა და ჩატარების შემთხვევაში რეალისტური იყო თუ არა აუდიტის ობიექტის მიერ ჩატარებული მიზანშეწონილობის ანალიზი შემდგომი ღონისძიების განხორციელების მიზნით.
პროდუქტიულობის აუდიტის დროს ირკვევა შემდეგი საკითხები:
• ადამიანური, ფინანსური და სხვა რესურსების პროდუქტიულად გამოყენება;
• ორგანიზაციების, სამთავრობო პროგრამების მართვა, რეგულირება, მონიტორინგი და შეფასება.
• მიზანშეწონილობა არის მიზნის მიღწევა და დასახული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც მოიცავს იმის გარკვევას თუ რამდენად კარგად აღწევს საქმიანობა დასახულ ამოცანებს.
მიზანშეწონილობის აუდიტის დროს შეისწავლება არის თუ არა მიღწეული წინასწარ განსაზღვრული მიზნები.
მიზანშეწონილობის აუდიტის დროს პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:
• სწორად იყო თუ არა განსაზღვრული მიზანი
• მიღწეულ იქნა თუ არა დასახული მიზანი დადგენილ ვადებში;
• იყო თუ არა შედეგიანი მიზნის მისაღწევად განხორციელებული ღონისძიებები.
მიზანშეწონილობის აუდიტის დროს უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები:
• შეისწავლოს რამდენად სწორად და ეფექტიანად არის განსაზღვრული პროგრამის მომზადებისა და დაგეგმვის ეტაპები.
• განისაზღვროს, რამდენად მოხდა მიღებული შედეგით დასახული მიზნისა და მოლოდინის დაკმაყოფილება;
• გამოვლინდეს დასახული მიზნის მიღწევის პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორები;
• გამოვლინდეს ალტერნატიული ხერხები და პოლიტიკა დასახული მიზნის უკეთ მიღწევის მიზნით.
ეფექტიანობის აუდიტის პრაქტიკაში დანერგვა არ არის ადვილი და სწრაფად გადაწყვეტადი პრობლემა. საქმე ისაა, რომ იგი თავისი შინაარსით და საგნით ფინანსური კონტროლის ახალი და რევოლუციური ფორმაა, რომელიც მოიცავს შემოწმების ახალ ტექნოლოგიას, რადიკალურად განსხვავებულს ტრადიციული შემოწმებისგან, აგრეთვე ახალ ფსიქოლოგიას, რომელზეც სახელმწიფო კონტროლის „გადართვა“ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს [მესხია ი., 2006, გვ. 92].
ეფექტიანობის აუდიტი, როგორც ფინანსური კონტროლის ერთ-ერთი მეთოდი, საშუალებას იძლევა გამოვლინდეს მაღალი ეფექტიანობის მიღწევის ხელის შემშლელი ფაქტორები და მიზეზები (დარღვევები) და შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები მათი დროული აღმოფხვრისთვის. ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი ვერ შეცვლის სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სხვა მეთოდებს, რამდენადაც მისი გამოყენება ყველა შემთხვევაში შეუძლებელია და არ არის მიზანშეწონილი. ეფექტიანობის აუდიტის გამოყენება სასურველ შედეგს იძლევა ისეთი საბიუჯეტო სისტემის შემოღებისას, რომელიც ორიენტირებულია მკაფიოდ ფორმულირებული კონკრეტული საბოლოო შედეგების მიღწევისკენ. კრიზისული ეკონომიკისა და ფორს-მაჟორულ რეჟიმში მყოფი ბიუჯეტის პირობებში ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება არაა მიზანშეწონილი, რადგან ასეთ ვითარებაში ხარჯები მეტწილ შემთხვევაში ორიენტირებულია არა მაღალი ეფექტიანობის მიღებაზე, არამედ უფრო კრიზისული სიტუაციების დარეგულირებაზე.
კონკრეტულად, ეფექტიანობის აუდიტის გამოყენება მიზანშეწონილია განვითარების ბიუჯეტის პირობებში, რომელიც ორიენტირებულია მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაზე.

ამრიგად, ეფექტიანობის აუდიტის დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა ის, რომ ქვეყნაში იყოს განვითარებადი ეკონომიკა და მდგრადი ბიუჯეტი, ანუ ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობა.

ეფექტიანობის აუდიტის დაწყებამდე აუცილებელია იმის განსაზღვრა, არსებობს თუ არა აუდიტის ობიექტის მიერ მიღწეული შედეგების ცვლილების პოტენციალი. ცვლილების პოტენციალის განსაზღვრა შესაძლებლია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
• ეთანხმება თუ არა აუდიტის დასკვნებს და რეკომენდაციებს აუდიტის ობიექტი;
• ზღუდავს თუ არა ცვლილებას პოტენციალის სხვადასხვა ფაქტორები (პოლიტიკური, ფინანსური, ეთიკური და სხვა);
• რამდენად რელევანტურია მიღებული შედეგები სამომავლო პროგრამებისთვის.
ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი კონცენტრირებულია, შეაფასოს თუ რამდენად იქნა მიღწეული გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულება.
ეფექტიანობის აუდიტის დროს გამოიყენება სხვადასხვა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები, როგორიცაა:
• ფინანსური ანალიზი;
• დოკუმენტური შემოწმება;
• ფოკუსჯგუფებთან ინტერვიუ;
• შესასწავლ თემასთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკებისა და ლიტერატურის მომოხილვა;
• მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნებთან შედარება.

დასკვნა

ამრიგად, როგორც ჩანს, ეფექტიანობის აუდიტის საგანია საბიუჯეტო ხარჯების სახელმწიფო ქონების მართვისა და საკანონმდებლო ბაზის შემოწმება იმ კუთხით, რომ დადგინდეს თითოეული მათგანის საბოლოო მაკრო და მიკროეკონომიკური შედეგი, რამდენადაც ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებისას მეტწილ შემთხვევაში ძნელია პირველადი ინფორმაციის მოპოვება და სათანადო დოკუმენტების შემოწმება. შესაბამისად, რთულია დადგენა, თუ რომელი ფაქტორებით და რა მიზეზებითაა განპირობებული სასურველი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მიუღწევადობა, რადგან მიზეზშედეგობრივი გამოკვლევა მხოლოდ ფინანსური აუდიტითაა შესაძლებელი. ცხადია, ეფექტიანობის აუდიტს წინ უნდა უსწრებოდეს ფინანსური აუდიტი. ასეთი მიდგომა კი ნიშნავს, რომ ეფექტიანობის აუდიტმა თანდათანობით უნდა შეცვალოს სხვა სახის აუდიტი.

ამგვარი მოსაზრება ფართოდაა გავრცელებული და მისი ძირითადი არგუმენტია ის, რომ ეფექტიანობის აუდიტის აუცილებელი წინაპირობაა ფინანსური აუდიტის ჩატარების აუცილებლობა, რადგან მხოლოდ მის საფუძველზეა შესაძლებლი იმ მიზეზებისა და ფაქტორების გამოვლენა, რომლებმაც გამოიწვია დასახული მიზნის მიღწევადობა - საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური, არამიზნობრივი ხარჯვა და სახელმწიფო ქონების არაეფექტიანი გამოყენება.

სუვერენული სამართლებრივი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია სრული ფინანსური წესრიგის დამყარების გარეშე, რისთვისაც საჭიროა სახელმწიფო კონტროლის ფორმებისა და მეთოდების ისეთნაირი ტრანსფორმაცია, რომ იგი დაეფუძნოს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ გამოცდილებას და საზოგადოებას, სახელმწიფოს და საბაზრო სექტორის მოთხოვნებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ალავერდაშვილი ბ., 2001, პრაქტიკული აუდიტი. თბილისი, გვ. 408.

2. მესხია ი., 2006, სახელმწიფო ფინანსური კნტროლი. თბილისი, გვ. 92.
3. უდესიანი თ., 2013, ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიის მოდელები და გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში. ჟურნალი "ბუღალტრული აღრიცხვა" N10, გვ. 35-40.
4. ცირამუა ე., 2006, აუდიტი, თეორია ტექნოლოგია, მეთოდიკა. თბილისი, გვ. 10- 17.